COVID-19 - ბოლო ცნობები

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში პაციენტების ნახევარი ერთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან

კლინიკაში მყოფი პაციენტების მშობლების უმრავლესობა აუცრელები არიან
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკას ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ ჰყავს, განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ჩხაიძის ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ნახევარი, როგორც რეანიმაციაში, ისე განყოფილებებში, ერთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.
„არიან ახალშობილებიც, ჩვილებიც. ახალშობილები, ძირითადად, რეანიმაციაში წვანან. ასევე არიან მშობლებიც, რომლებიც ჩვენთან მკურნალობენ ბავშვებთან ერთად. მათგან ხუთი ორჯერადად ვაქცინირებული და დანარჩენი არცერთი მშობელი არ არის ვაქცინირებული“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ის ასევე მიესალმება მოზარდების ვაქცინაციას, რადგან ეს ყველაზე მეტად მობილური ჯგუფია.
რატომ გაიზარდა ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა: ივანე ჩხაიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 95,92% იყო არავაქცინირებული, აუცრელი იყო ჰოსპიტალიზირებულთა 94,4% და გარდაცვლილთა 98,96%.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.565-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 780.391-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.894 შეადგინა.
მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო. ვაქცინაციის პორტალზე 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი უკვე ამოქმედდა. მოზარდების აცრა Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით არის შესაძლებელი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.