თბილისი, 13 ნოემბერი- Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე არჩევნების მეორე ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა.
სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ცესკომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი სარჩელები არ დააკმაყოფილა და შედეგები უცვლელად დატოვა. ცესკოს ყველა ოპოზიციონერმა წევრმა სხდომა ოფიციალური შედეგების შეჯამებამდე დემონსტრაციულად დატოვა.
თბილისის მერის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე. მას მხარი დაუჭირა 258.776 ამომრჩეველმა, რაც 55,6%-ს შეადგენს. ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ ხმების 44,4% მიიღო.
ცესკოს ინფორმაციით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში სულ 480.302 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები შედეგები.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 494.676 შეადგინა.
თბილისის საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი უცვლელი დარჩა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 29 დეპუტატი (აქედან 10 დეპუტატი საკრებულოში მაჟორიტარული სიით მოხვდა)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13 დეპუტატი
„საქართველოსთვის“ - 4 დეპუტატი
„ლელო საქართველოსთვის“ - 2 დეპუტატი
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1 დეპუტატი
„ხალხისთვის“ - 1 დეპუტატი
მეორე ტურის შედეგები ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებმა შეაჯამეს. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები ცესკოს ვებგვერდზეა განთავსებული.
ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. ცალკეულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში 30 ოქტომბერს მეორე ტური ჩატარდა.