კაცობრიობის ისტორია სავსეა ფაქტებით, რომლებიც ადამიანებს კიდეც აღაფრთოვანებს და ძრწოლვასაც ჰგვრის.
და ეს ფაქტები, მიუხედავად შინაარსისა, საინტერესოა და აუცილებლად საცოდნელი მომავალი თაობებისთვის.
ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
***
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ინგლისის მეფე რიჩარდ პირველი პალესტინაში, ციხე-სიმაგრე აკრას მისადგომებთან ტიფით დაავადდა. სიკვდილის პირას მყოფმა პირისპირ შეხვედრა სთხოვა სულთან სალადინს, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანების დარწმუნების დიდ ძალას ფლობდა.
მაგრამ სალადინმა უარი განაცხადა, თქვა, რომ მოსალაპარაკებლად არ შეხვდებოდა იმ ადამიანს, ვის მოკვლასაც ბრძოლაში აპირებდა. ამასთან რაინდული სულისკვეთების მქონე სულთანმა დასნეულებულ რიჩარდს ხილი გაუგზანა და გამოჯანმრთელება უსურვა.
რიჩარდი მართლაც გამოჯანმრთელდა, ციხე-სიმაგრე აკრა აიღო და სარკინოზთა სისხლით მორწყო ქალაქის ქუჩები.
***
იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც შინისკენ მიმგზავრებოდნენ, ქალაქი ნაგასაკი მატარებლით გაიარეს.
მათ იცოდნენ, რომ ცოტა ხნის წინ ქალაქი დაიბომბა. ფანჯრებიდან შენიშნეს, როგორც იდგნენ იაპონელები ბრინჯის ულუფის მისაღებად უსაშველოდ გრძელ რიგში. ერთმა ამერიკელმა, ყოფილმა ტყვემ, ფანჯრიდან ხორცის კონსერვი გადაუგდო ხალხს, მერე სხვებმაც მიბაძეს. მაგრამ არცერთი იაპონელი მათ ასაღებად არ დახრილა.
***
1943 წლის შემოდგომაზე მოკავშირეთა ავიაციის დაბომბვისგან დაქანცულმა ლუფტვაფეს (გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების სახელი რაიხსვერის, ვერმახტისა და ბუნდესვერის შემადგენლობაში) სარდლობამ ჰოლანდიაში ცრუ აეროდრომის აშენება გადაწყვიტა, რათა მოწინააღმდეგის ყურადღება იქით გადაეტანა.
მთელი თვის განმავლობაში ღამღამობით ათასობით სამხედრო ტყვე მუშაობდა მშენებლობაზე. თხელი ფიცრებისგან გაკეთდა აეროდრომის დამხმარე ნაგებობა, ხის ბუტაფორიული ავტომობილები და თვითმფრინავები.
მაგრამ გერმანელებმა ერთი და მთავარი რამ ვერ გაითვალისწინეს: მთელი ჰოლანდია ინგლისის ჯაშუშებით იყო სავსე. ბრიტანეთის დაზვერვისთვის მუშაობდა ოფიციანტების, პარიკმახერების, მეძავების, მუშებისა და გლეხების დიდი ნაწილი, რის შედეგადაც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვისთვის წინასწარ იყო ცნობილი არა მარტო აეროდრომის დანიშნულება, არამედ მისი დამთავრების თარიღიც კი.
და, როგორც კი მშენებლობა დამთავრდა, ცრუ აეროდრომის თავზე ერთადერთი ბრიტანული თვითმფრინავი გამოჩნდა. ბომბდამშენმა რამდენიმე წრე შემოუარა ხის „აეროდრომს“, ერთადერთი, ხისგან გამოთლილი უზარმაზარი „ბომბი“ ჩამოაგდო და გაუჩინარდა.
***
ერთ-ერთი ვერსიით, XVII საუკუნეში ჰოლანდიელმა პეტერ მინუიტმა და ჰოლანდიის ვესტ-ინდოეთის კომპანიის წარმომადგენლებმა 60 გულდენად ღირებული დანების, უვარგისი ქსოვილებისა და შუშის მძივების საფასურად ხელში ჩაიგდეს კუნძული მანჰეტენი.
გახარებული ჰოლანდიელები ფიქრობდნენ, რომ მათ ინდიელები გააცურეს და კუნძული ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში. მაგრამ სინამდვილეში მოტყუებული თავად დარჩნენ, რადგან მანჰეტენი მათ იმ ინდიელებისაგან იყიდეს, რომელთა საკუთრებაც იგი არასდროს ყოფილა.
უბრალოდ, მინუიტი მონადირე ინდიელებს გადააწყდა, რომლებმაც ევროპელებს საქონელი გამოართვეს და ნადირობის გასაგრძელებლად სხვაგან გადაინაცვლეს.
კუნძულ მანჰეტენის ნამდვილი პატრონი ინდიელები კი ჰოლანდიელებს მედგრად დაუხვდნენ და თავბედი აწყევლინეს.
***
XVII საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთში ქუხდა დიდი ფულის პატრონის, მეწარმე დემიდოვის სახელი. ერთხელ ამ დემიდოვის სიძემ სიმამრი სადილად მიიწვია, მან კი თავის მაგივრად გოჭი გაუგზავნა.
სიძემ კარგად იცოდა დემიდოვის ხუშტურები, ამიტომაც გოჭი დიდი პატივით მიიღო, გამოკვება, გაალამაზა და სიმამრს სამცხენიანი ეტლით გაუგზავნა უკან.
სიძის საქციელით კმაყოფილმა სიმამრმა ბრძანა, რომ გოჭი დაეკლათ, გაეტყავებინათ, მისი ტყავი ოქროთი გაევსოთ და სიძისთვის საჩუქრად მიერთმიათ. ამ ოქროთი სიძემ მთელი გუბერნია შეისყიდა, რომელიც ტერიტორიით, მაგალითად, საქართველოს ხუთჯერ აღემატებოდა.
***
ჩვენ შორის თუ არის ვინმე ეკონომისტიო? — უკითხავს კუბის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ფიდელ კასტროს თანამებრძოლთათვის. ჩე გევარას აუწევია ხელი, რის შემდეგაც გაუნათლებელი კომანდანტე კუბის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაუნიშნავთ.
მოგვიანებით ჩემ აღიარა, კასტროს ნათქვამი კარგად ვერ გავიგონე, მეგონა იკითხა, ჩვენ შორის კომუნისტი თუ არის ვინმეო...