თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი გლდანის ციხის საავადმყოფოში, განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა ჯონ სენდვიჯმა მასთან შეხვედრის შემდეგ.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 43 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
„ყოფილი პრეზიდენტი თავს მხნედ და ძლიერად გრძნობს. თუმცა ის არ იმყოფება შესაბამისი აღჭურვილობის მქონე დაწესებულებაში. სერიოზული შეშფოთების საგანია აქ მისი უსაფრთხოება. იმ შემთხვევაში, თუ რამე მოხდება, აქ არ არის მის სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო შესაძლებლობები", – განუცხადა სენდვიჯმა ჟურნალისტებს.
ადვოკატის თქმით, ის უკვე გაეცნო მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.
„მე ვნახე ბრალდებები და შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკაში მსგავს ბრალდებებს ვერ იხილავთ. ვფიქრობ, ის, რაც მას ბრალად ედება, საერთოდ არ იქნებოდა მიჩნეული სისხლის სამართლის დანაშაულად ამერიკის კანონით, ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. თუმცა, ამჟამად ჩვენი უპირველესი საფიქრალი მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა", – განაცხადა სენდვიჯმა.
მან ასევე გააკეთა კომენტარი სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრებზე, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
„ვნახე იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრები და მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად შემაშფოთებელია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი ამ დაწესებულების შეუსაბამობაა. ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის საპატიმრო, სადაც არის სამედიცინო პუნქტი, თუმცა ის არ არის საკმარისად აღჭურვილი, რომ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პაციენტს ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ", – აღნიშნა ჯონ სენდვიჯმა.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.