„მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია" – პრემიერი ფარმაცევტულ ბაზარზე

საქართველოს მთავრობა მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებს ეძებს.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მედიკამენტებზე ფასები ძალიან მაღალია და ხელისუფლება ვალდებულია, დროული რეაგირება მოახდინოს ამაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ეს განცხადება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში პარასკევს გაიმართა. ღარიბაშვილმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა ის ზომები, რომლებიც პრეპარატებზე მაღალი ფასების პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებლად არის მისაღები.

„უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და მოქმედება", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საბჭოს სხდომის ფარგლებში განიხილეს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ გააცნო.
კონკურენციის სააგენტო საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის მომხრეა
შუალედური ანგარიში ფარმაცევტული ბაზრის შესახებ შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ითვალისწინებს კონკურენციის გაძლიერებას ფარმაცევტულ ბაზარზე.
უფრო ადრე ლექვინაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა შორისაა ელექტრონული რეცეპტების სისტემის შემოღება და წამლებზე ფასების რეგულირება. ის მიიჩნევს, რომ ცვლილებები კანონმდებლობაში საბოლოოდ ბაზარს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რაც შესაბამისად უნდა აისახოს მედიკამენტების ღირებულებაზე.