COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: საქართველოში 200-მდე მოზარდია აცრილი

ბავშვებსა და მოზარდებს შორის ინფიცირების შემთხვევები „ინდური" შტამის გავრცელების შემდეგ გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში 12–15 წლის ასაკის 200-მდე მოზარდია აცრილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.
9 ნოემბერს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს მოზარდების აცრას Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით. მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ მშობლების თანხმობით ტარდება. მანამდე აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ექვემდებარებოდნენ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები.

„ვაქცინაციის პორტალზე უკვე ამოქმედდა ბავშვების რეგისტრაციის სერვისი. იმუნიზაციის საბჭომ მოზარდების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება სამი დღის წინ მიიღო და დღეს უკვე 150-200-მდე მოზარდია აცრილი", – განაცხადა გამყრელიძემ.

ბავშვებსა და მოზარდებს შორის ინფიცირების შემთხვევები ინდური" შტამის გავრცელების შემდეგ გაიზარდა. ახალი შემთხვევები განსაკუთრებით სწავლის პროცესის დისტანციური რეჟიმიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადასვლის შემდეგ გახშირდა.
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესდა. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.
ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია. საუბარია 18 წლამდე ასაკის 103.927 ბავშვსა და მოზარდზე.
COVID-19 - ბოლო ცნობები
12–15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია: რეგისტრაცია დაიწყო
მსოფლიოში 12–15 წლის მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების ვაქცინაციას სამი წლიდან ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.
12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.032.939 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.066.310 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 37,5%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 961.973 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,7%. 11 ნოემბერს აიცრა 7.103 ადამიანი.