თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტში დეპუტატები სესიაზე პირველი მოსმენით ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საქართველოს მთავრობა 2022 წელს 18 მილიარდზე მეტის დახარჯვას გეგმავს.
დღეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებულ ვარიანტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
პროექტის მიხედვით, სამინისტროებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის დაფინანსება გაეზრდებათ. ასევე იგეგმება მასწავლებლების ხელფასებისა და პენსიის ზრდა.
თუმცა ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის პროექტი არაეფექტიანი და არარაციონალურია. დღეს ბიუჯეტის პროექტის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი – სანდრო რაქვიაშვილი პარტია „გირჩიდან“.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. მან მაგალითად მოიყვანა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, რომელიც ბიუჯეტის წინასწარ ვარიანტთან შედარებით 71 მილიონით არის გაზრდილი.