თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ მოათავსეს ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით.
სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ადვოკატების მტკიცებით, სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი იყო, ამიტომაც იგი ძალის გამოყენებით გაიტაცეს.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხუთშაბათს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან“ გამომდინარე შესაბამისი ვიდეოჩანაწერები გაავრცელა და განაცხადა, რომ მტკიცება იმის შესახებ, რომ ექს-პრეზიდენტი იქნა გატაცებული და ციხის საავადმყოფოში ძალით გადაყვანილი, სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან სპეკულაცია.
„კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პარალელურად, მონაცემების გასაჯაროებისას აუცილებელია ადამიანური ღირსების დაცვა, აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს.
გამოძიების ფარგლებში უწყებამ იმავე დღეს, ორშაბათს მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და მისი გლდანის ციხეში განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობა-არარსებობის დადასტურებისა და მათი დაარქივების მოთხოვნით.
„იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და, შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
„ასევე თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, სწორედ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით განხორციელდა მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა. თუმცა სააკაშვილმა ეტაპირების პროცესში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მათ ძალის გამოყენება დასჭირდათ.
ადვოკატების თქმით, ამ დროისათვის თავად სააკაშვილი უარს აცხადებს ყოველგვარ სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.