სააკაშვილის ეტაპირება: პენიტენციურმა სამსახურმა ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა

ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი არიან თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები, მხარდამჭერები, სახალხო დამცველი.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა.
ამჯერად კადრები რეანიმობილშია გადაღებული: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მიხვდა, რომ იგი არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს, ის უარს აცხადებს ავტომობილიდან გადმოსვლაზე.
ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი არიან არა მარტო სააკაშვილი და მისი ადვოკატები, არამედ სახალხო დამცველი, ორ კონსილიუმში შემავალი ექიმები, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციის მთელი სპექტრი. მათი მტკიცებით, ციხის საავადმყოფოში არ არის შესაბამისი პირობები კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვის, გარდა ამისა, გლდანის ციხეში ექს-პრეზიდენტს საფრთხე ემუქრება.
კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს და კატეგორიულ უარს აცხადებს რეანიმობილიდან საკუთარი ნებით გადმოსვლაზე.
„მე აქედან არ გადმოვალ ჩემი ნებით! წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში! არ მაინტერესებს არაფერი, რასაც თქვენ მეუბნებით!“ – აცხადებს სააკაშვილი.
იუსტიციის მინისტრმა პატიმარ სააკაშვილის პრივილეგიები ჩამოთვალა
პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი ექს-პრეზიდენტს ეუბნება: „ჩვენზე მეტად არავის უნდა, რომ თქვენ ჯანმრთელად იყოთ“.
„მე არ მაინტერესებს! დამანებეთ თავი!“ – კატეგორიულად მოითხოვს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ის ციხის საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით გადაიყვანეს. აგრეთვე სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.