კვიპროსმა საქართველოს ქართული მონასტრის მშენებლობისთვის მიწა საჩუქრად გადასცა

საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსში 2005 წელს გაიხსნა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტი კვიპროსში მთავარეპისკოპოსთან, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-სთან შეხვედრით დასრულდა.
ზურაბიშვილმა კვიპროსში ქართული მონასტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადმოცემისთვის ქრიზოსტომოს II-ს მადლობა გადაუხადა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
„ეს არის დიდი სულიერი საჩუქარი და მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც ჩვენი ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი კვიპროსში გაემგზავრა
როგორც შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ ქრიზოსტომოს II-მ აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში კვიპროსს ყოველთვის გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია და კვლავაც გაგრძელდება.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილმა ქალაქ ნიქოზიაში კვიპროსის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კვიპროსის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ზურაბიშვილი შეხვდა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისს, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ანიტა დემეტრიოუს და სხვა ოფიციალურ პირებს.
საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსში 2005 წელს გაიხსნა.