თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პატიმრის ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას არ შეიძლება გატაცება უწოდო, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ადვოკატების მტკიცებით, სააკაშვილი ციხიდან ეტაპირების წინააღმდეგი იყო, ამიტომაც იგი მოტყუებით წაიყვანეს და ამას მათ „გატაცება" უწოდეს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მტკიცება იმის შესახებ, რომ ექს-პრეზიდენტი იქნა გატაცებული და ციხის საავადმყოფოში ძალით გადაყვანილი, სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან სპეკულაცია.
„ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში პატიმრის გადაყვანას. აქვე გავმარტავთ მიზეზებს, რატომ იყო გადაყვანილი პატიმარი სააკაშვილი №12 დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში. როგორც თქვენ იცით, მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე და, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი", – განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სწორედ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით განხორციელდა მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა.
თუმცა, სააკაშვილმა ეტაპირების პროცესში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მათ ძალის გამოყენება დასჭირდათ.
ადვოკატების თქმით, ამ დროისათვის სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა.
სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.