თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც ბრალდებული არიან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მმართველობის პერიოდის სხვა მაღალჩინოსნები.
სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი, შენობასთან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული – სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
უკვე ცნობილია, რომ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციამ, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო, უარი განაცხადა სააკაშვილის ეტაპირებაზე. შესაბამისად, დღევანდელი პროცესი სააკაშვილის გარეშე ტარდება.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მიეცათ მხოლოდ მხარეთა ადვოკატებს, დამკვირვებლებს, საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. წინასწარი ინფორმაციით, სხდომის გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა.
პროცესს ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილისა და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატები. რაც შეეხება საქმის ფიგურანტებს, სხდომას მათგან მხოლოდ გიგი უგულავა ესწრება.
სხდომაზე ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე სხვა ტელეარხების დასწრების ან „პირველი არხისთვის" სხდომის პირდაპირ ეთერში გაშუქების შესაძლებლობის მიცემის თაობაზე შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოსამართლე ნინო ელენიშვილმა არ დააკმაყოფილა.
ეს საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომაა. თავად პროცესი 2015 წლის ივნისში დაიწყო.
სააკაშვილსა და სხვა ჩინოვნიკებს ბრალი ედებათ უფლებამოსილების გადამეტებაში, მათ ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა და არალეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის ბრძანებით ჩინოვნიკებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.