თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შემოსულობებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 2021 წლის პირველ ცხრა თვეში დაახლოებით 12,9 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ასიგნებებმა – დაახლოებით 14,5 მილიარდი ლარი, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
"2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მიხედვით, შემოსულობები ერთ წელზე პროგნოზირებულია 17,9 მლრდ ლარის დონეზე, ხოლო ასიგნება – 19,5 მლრდ ლარის დონეზე.
ბიუჯეტის შემოსულობები და ასიგნებები
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა ცხრა თვეში 101,7%-ით შესრულდა, ბიუჯეტში შევიდა 12,901 მლრდ ლარი.
გადასახადებისგან შემოსავლებმა კონსოლიდირებულ ბიუჯეტში შეადგინა 9,504 მლრდ ლარზე მეტი, შემოსავლების გეგმა ცხრა თვეში 101%-ით შესრულდა.
ცხრა თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებამ შეადგინა 14,459 მლრდ ლარი, რაც საანგარიშო პერიოდში პროგნოზის 97,2%-ია.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, მან 9,975 მლრდ ლარი, ანუ გეგმის 96,3% შეადგინა.
რაზე დაიხარჯა თანხა
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახსრების ძირითადი ნაწილი ცხრა თვეში დაიხარჯა კორონავირუსთან ბრძოლაზე, შეღავათებზე წლის დასაწყისში ლოკდაუნთან დაკავშირებით და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებზე.
კერძოდ, იანვარი–სექტემბრის პერიოდში სახელმწიფომ შეიძინა 4,483 მლნ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ამაზე 719,9 მლნ ლარი დახარჯა. სულ კორონავირუსთან ბრძოლასა და მოსახლეობის დახმარებაზე ლოკდაუნის პერიოდში აღნიშნულ პერიოდში 1,447 მლრდ ლარი დაიხარჯა.
კიდევ 1,086 მლრდ ლარი ცხრა თვეში გზების რემონტსა და მშენებლობას მოხმარდა.
გარდა ამისა, თანხა დაიხარჯა სკოლების რემონტზე, ბიზნესის მხარდაჭერის დაფინანსების პროგრამებზე, სოფლების გაზიფიკაციაზე და სხვ.