წარმატებული სპორტსმენი ბექა კაპანაძე ძიუდოში 15 წლიდან ვარჯიშობს. სპორტის ამ სახეობაში ბევრი საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული. 2013 წელს უკრაინაში ჩატარებულ უნივერსალური ბრძოლების ჩემპიონატზე ევროპის პრიზიორი გახდა. 2014 წელს მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამი წლის შემდეგ აშშ-ში გადავიდა და 2021-ში კაროლინას შტატში საბრძოლო სამბოში ამერიკის ჩემპიონატი მოიგო. სულ ახლახან, ოქტომბრის თვეში შერეულ ორთაბრძოლებში (MMA - ბრძოლა წესების გარეშე) გამართულ პირველივე სარეიტინგო ბრძოლაში გაიმარჯვა. საბოლოოდ სპორტის ამ სახეობაში დარჩენა და უმაღლეს ლიგაში გადასვლა აქვს გადაწყვეტილი.
ამჟამად ნიუ-ჯერსის შტატში, კლუბ Nick Katone MMA-ში ვარჯიშობს. ეს ამერიკაში ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი კლუბია, რომლის სახელითაც ბევრი სპორტსმენი - ვარსკვლავი გამოდის. ამ საამაყო ფაქტების მიღმა დაუღალავი, მუდმივი ვარჯიში და ემიგრანტისთვის თავის გადასარჩენად აუცილებელი ყოველდღიური შრომაა. ამ ყველაფერს ქართული ხასიათის ისეთი თვისებების წყალობით ახერხებს, როგორიცაა შეუპოვრობა და ბრძოლის ჟინი. ამბობს, რომ შინ აუცილებლად დაბრუნდება, ოღონდ მხოლოდ საბოლოო გამარჯვების მერე...
- ბექა, 15 წლის ასაკში ძიუდოზე შესვლა თქვენი სურვილი იყო თუ ვინმეს რჩევით მოხდა?
- ძიუდოზე ჩემი შესვლა და სპორტის ამ სახეობის სიყვარული ჩემი კლასელის და მეგობრის ლევან რუაძის დამსახურებაა. ის მაშინ წარმატებული ძიუდოისტი იყო და ახალგაზრდულ ნაკრებში ირიცხებოდა. ჩვენ აქტიური, ენერგიული ბიჭები ვიყავით და სკოლაში სულ ვჭიდაობდით და ვჩხუბობდით. პირველად სწორედ ლევანმა წამიყვანა თავის დარბაზში. ეს იყო 2005 წელს, ძიუდოს კლუბ „შევარდენში“, მარჯანიშვილზე. ამის შემდეგ გახდა ძიუდო ჩემი ცხოვრების ნაწილი.
- დარწმუნებული ვარ, პირველი გამარჯვება განსაკუთრებულად გემახსოვრებათ...
- რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს. ჩემი პირველი ტურნირი კახეთში იყო. ვარჯიში ოთხი თვის დაწყებული მქონდა, როდესაც ამ ტურნირზე გამოვედი. სამწუხაროდ, მაშინ ჩემპიონი ვერ გავხდი, მაგრამ მესამე ადგილი მაინც დავიმსახურე. თუმცა ჩემ ჩემპიონობას არც არავინ ელოდა, მწვრთნელებმა უბრალოდ გამოცდილების მისაღებად წამიყვანეს. ისიც კი მახსოვს, მეორე შებრძოლების დროს ვისთან დავმარცხდი, ეს იყო მერაბ დვალიშვილი – დღეს უკვე UFC-ს ტოპ-მებრძოლი, საამაყო ქართველი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ და რამდენჯერაც შემხვდება, ამ ამბავს სულ ვახსენებ.
- საერთაშორისო ბრძოლებიდან რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?
- ჩემი პირველი დიდი გამარჯვება 2012 წელს საბერძნეთში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული პირველი ადგილია. ეს ტურნირი იქიდან გამომდინარე დამამახსოვრდა, რომ მისთვის ემოციურად და ფსიქოლოგიურად განსაკუთრებით მოვემზადე. სირთულეები მქონდა მგზავრობასთან დაკავშირებით: შეჯიბრებამდე ორი დღე ბიჭებმა ავტობუსში გავატარეთ. სალონიკში გამთენიისას, ხუთ საათზე ჩავედით. ტურნირი 12 საათზე დაიწყო. ანუ ჭიდაობა ისე დავიწყეთ, რომ ფაქტობრივად არ დაგვისვენია. თუმცა, ამ სირთულეების მიუხედავად, ჩემპიონი გავხდი და საქართველომ გუნდურშიც პირველი ადგილი დაიკავა.
- ერთი პერიოდი რინგზე გასვლა აგიკრძალეს, რა მოხდა მაშინ?
- სანამ მაგას მოგიყვებით, გავიხსენებ, რომ კრივი დაახლოებით საბავშვო ბაღის ასაკიდან მომწონს. მახსოვს, მამა სახლში როგორ მავარჯიშებდა, მან კედელთან დარტყმის რამდენიმე კომბინაცია შემასწავლა. მერე ყოველდღე ვიდექი და ვამუშავებდი მათ. ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც რინგზე დავდგებოდი. მაგრამ, სამწუხაროდ, ერთხელ მარჯვენა თვალზე ტრავმა მივიღე და ჩხუბი საერთოდ ამიკრძალეს. თუმცა რინგზე ფიქრი ამის მერეც არ შემიწყვეტია. შინაგანად სულ ვგრძნობდი, რომ ერთ დღესაც ჩემს პირველ სპორტს აუცილებლად დავუბრუნდებოდი.
- მინდა თქვენი ცხოვრების მთავარი ამბები გაიხსენოთ: ევროპის და ამერიკის ჩემპიონი როგორ გახდით?
- ევროპის ჩემპიონატზე უკრაინაში სრულიად დაუგეგმავად მოვხვდი. ერთ დღეს დამირეკა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა და უკრაინაში უნივერსალურ ბრძოლებში მონაწილეობა შემომთავაზა. იმ პერიოდში საერთოდ არ მქონდა გამოცდილება და სპორტის ამ სახეობაში რინგზე არასდროს მიბრძოლია. სანამ ბრძოლას შემომთავაზებდნენ, რამდენიმე კვირით ადრე გავიცანი ყოფილი მოკრივე და MMA-ს მებრძოლი, დღეს უკვე ჩემი ძმა და მეგობარი გელა გაბური. მე და გელა ჩვენი მეგობრის პატარა ფიტნეს-კლუბში ხშირად ვვარჯიშობდით. ამ სერიოზული შემოთავაზების შემდეგ უკრაინის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დავიწყეთ. დაახლოებით ოთხი კვირა გვქონდა მოსამზადებლად. მაშინ ევროპის ჩემპიონატზე პროფესიონალებში მეორე ადგილზე გავედი. ამის შემდეგ, 2014 წელს დაიგეგმა მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში, სადაც უფრო მეტი დრო გვქონდა მომზადებისთვის და, ღვთის წყალობით, მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. სიმართლე გითხრათ, ამერიკის ჩემპიონატზე საბრძოლო სამბოში მოხვედრა ჩემთვის სიურპრიზი იყო.
- ალბათ ემიგრაციაში ცხოვრება და მუშაობა, თანაც ჩემპიონატებისთვის მზადება საკმაოდ რთულია?
- ემიგრაციაში ცხოვრება და თავის დამკვიდრება მართლაც რთულია, მით უმეტეს, სპორტსმენისთვის. აქ, სპორტის გარდა, მუშაობაც მიწევს, იმიტომ რომ სხვაგვარად ვერ იცხოვრებ. ყოველდღიური დამღლელი სამუშაოს შემდეგ პროფესიონალურ დონეზე ვარჯიშს და მომზადებას დაახლოებით ორი წელი ვერ ვახერხებდი. მიუხედავად ყველაფრისა, მსუბუქი ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია და ფორმის შენარჩუნებას ყოველთვის ვცდილობდი. როცა საშუალება იყო, ამერიკის მასშტაბით ძიუდოს ადგილობრივ ტურნირებზეც გამოვდიოდი, ბევრი მათგანი მოვიგე კიდეც. ამ ეტაპზე სპორტის გარდა სხვა ინტერესები არ მაქვს, რადგან ვარჯიში ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
- საბრძოლო სამბოში გამოსვლა ვისი შემოთავაზება იყო?
- ძიუდოსა და სამბოს ამერიკული კლუბებიდან ბევრი კარგი ადამიანი, წარმატებული მწვრთნელი გავიცანი. საბრძოლო სამბოში გამოსვლა სწორედ სამბოს აქაური ფედერაციის პრეზიდენტმა შემომთავაზა. მეც უარი არ მითქვამს მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მხოლოდ ერთი თვე მქონდა. დავიწყე მზადება და ამერიკის ჩემპიონი ძველი სპორტული ფორმისა და გამოცდილების ხარჯზე გავხდი. ამის შემდეგ ჩემი კლუბის პრეზიდენტისგან მივიღე შემოთავაზება, რომ MMA-ში გადავსულიყავი.
- ამ ეტაპზე რომელ ამერიკულ კლუბში ხართ?
- დღეს ნიუ-ჯერსის შტატში, კლუბ Nick Katone MMA-ში ვვარჯიშობ. ეს მთელ შტატში გამორჩეული და ძლიერი კლუბია, რადგან აქ ისეთი ვარსკვლავები ვარჯიშობენ, როგორებიც არიან UFC-ს ჩემპიონები ფრენკი ედგარი, ედი ალვარესი, კორი ანდერსონი და სხვ. როცა შემოთავაზება მივიღე, ცხრა ოქტომბრის ბრძოლისთვის დავიწყე მზადება. ჩემი გუნდის და მწვრთნელების დახმარებით კარგად მოვემზადე და პირველივე ბრძოლა MMA-ში მოვიგე. საბოლოო მიზნად მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლა მაქვს. რაც მთავარია, ჩემი წარმატებით მინდა, რომ ყველას საქართველო გავაცნო და პოპულარიზაცია გავუწიო.
- ამერიკული ცხოვრების წესი როგორ მიიღეთ?
- ამერიკული ცხოვრების სტილი და წესი პირადად ჩემთვის ცოტა უსიამოვნოა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხუთი წელია აქ ვარ, მასთან შეგუება მაინც მიჭირს. რასაც უნდა მივაღწიო და რამდენი ფულიც უნდა ვიშოვო, ბოლომდე ბედნიერი აქ მაინც ვერ ვიქნები. ეს შეგრძნება სულ მაქვს და ამიტომ ჩემს მომავალ ცხოვრებას ამერიკაში ვერ ვხედავ. ამასთან, უმადურიც არ მინდა გამოვჩნდე, ამ ქვეყნის მადლობელიც ვარ და ყოველთვის ვიქნები იმისთვის, რაც მან მომცა.
- ქართული თვისებებიდან ყველაზე მეტად რომელი გეხმარებათ რინგზე გამოსვლის დროს?
- როგორც სპორტსმენს და მებრძოლს, ქართული თვისებებიდან ბრძოლის ჟინი, შეუპოვრობა და გამარჯვებისკენ წინსვლა მეხმარება. ეს თვისებები ყველა ქართველის გენში და სულშია. ძალიან განვიცდი ნოსტალგიას. საქართველოში ყველა და ყველაფერი მენატრება, პირველ რიგში ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, სოფელი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ადამიანად ჩამოვყალიბდი, ქალაქი, სადაც სტუდენტობა გავატარე. შეიძლება ითქვას, ქართული ყველაფერი მენატრება. ერთი სული მაქვს, სახლში დავბრუნდე, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში მარტო ჩემპიონის ქამრით დავბრუნდები!..