„ადვოკატებს სანახაობა სურდათ და არა სააკაშვილის მონაწილეობა" – პროკურორი სხდომის დეტალებზე

სააკაშვილის ბრალეულობა სასამართლოში დადასტურდება, ირწმუნება პროკურორი.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ბრალდების მხარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე დასწრების წინააღმდეგი არ არის, ხოლო პოლიტიკოსის ადვოკატები ამ საკითხის მანიპულირებით სანახაობის მოწყობას ცდილობდნენ, განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურა მზადა არის იმისთვის, რომ სააკაშვილი დაესწროს სასამართლო პროცესს როგორც სხდომათა დარბაზში, ისე ციხეში ან დისტანციურად, რაც, მისი თქმით, ადვოკატებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„დღევანდელ სხდომაზე ავდოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და პოლიტიკური სპეკულაციები“, – განაცხადა წიკლაურმა.
7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა
მან აღნიშნა, რომ პროკურატურა მზადაა სააკაშვილის თანდასწრებითაც დაამტკიცოს ამ საქმეში მისი ბრალეულობა და მტკიცებულებები წარადგინოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სასამართლოში უკვე დაიკითხა 150 მოწმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს დაზარალებული პირები.

„ჩვენ, როგორც ბრალდების მხარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ... ყველა ბრალდებულმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგოს 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – განაცხადა წიკლაურმა.

სააკაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველმა ორგანოებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე აქციის მონაწილეები დაარბიეს და უკანონოდ გამოიყენეს არალეტალური იარაღი.
გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, სააკაშვილის ბრძანებით მაღალჩინოსნებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჩამოართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.