COVID-19 - ბოლო ცნობები

12–15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია: რეგისტრაცია დაიწყო

10 ნოემბრიდან მოქალაქეებს ვაქცინის ბუსტერ დოზებზე რეგისტრაციის გავლაც შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ვაქცინაციის პორტალზე 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ ასაკის მოზარდების აცრის გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე 9 ნოემბერს მიიღეს.

12–15 წლის მოზარდების აცრა Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ყველა პირისთვის არის შესაძლებელი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მოსახლეობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის პრეპარატებით შეუძლია.
მოქალაქე, რომელიც აცრილია Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის Sinopharm-ის, Sinovac-ის ან Pfizer-ის ვაქცინის არჩევა შეუძლია. AstraZeneca-თი ვაქცინირებულ პირებს კი 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით შეუძლიათ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინაციის წახალისება პენსიონერებისთვის – როდის გაიცემა 200-ლარიანი დანამატი
Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილი 60 წლის და უფროსი ადამიანებისთვის ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან 3-დან 6 თვემდე ინტერვალშია დასაშვები. Pfizer-ით ვაქცინირებული პირებისთვის კი 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით არის რეკომენდებული.
მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო, დღეისათვის სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 33,5%, მაშინ როდესაც მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.018.336 აცრა. 9 ნოემბერს აიცრა 6.976 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.