თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების ის წევრები, რომლებიც ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების პრიზიორები გახდებიან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეძლებენ.
აღნიშნულ ინიციატივას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში განიხილეს. განათლების მინისტრის მოადგილის ვალერიან გობრონიძის აზრით, კანონის დებულება ასევე უნდა შეეხოს იმ სპორტსმენებს, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე პირველი ადგილები დაიკავეს.
თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტიდან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების ამოღება მოხდეს.
„ამ ეტაპზე დავტოვოთ მხოლოდ ოლიმპიური და პარალიმპიური პრიზიორები, მათ შორის 2020 ტოკიოს ოლიმპიური პრიზიორებიც, ხოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებზე მომავალში ვიმსჯელოთ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას კენჭი უყარეს და მის მიერ წარმოდგენილ ფორმულირებას მხარი დაუჭირეს.
წელს XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სპორტის 11 სახეობაში 35-მა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ოლიმპიადის შედეგებით, საქართველომ 8 მედლით გუნდურ ჩათვლაში 33-ე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა აიღეს ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. აქედან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს.