კონკურენციის სააგენტო საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის მომხრეა

პრემიერ-მინისტრი ფარმაცევტული სექტორის მსხვილ წარმომადგენლებთან შეხვედრების დაწყებას აპირებს რეფორმების გასატარებლად.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორისაა ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში განიხილეს.
„საბოლოო ჯამში, მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მეტად კონკურენტუნარიანს გახდის აღნიშნულ ბაზარს, რაც შესაბამისად, გარკვეულ პერიოდში უნდა აისახოს მედიკამენტების ფასებზე. აქ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს მეტად ინფორმირებული არჩევანი", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წამლების ფასები მოსახლეობას ძალიან აწუხებს და საზოგადოებაში არსებობს კითხვები, ამიტომ საჭიროა ამ საკითხის შესწავლა და პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნით დაიწყება შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს უპასუხოდ.
„დავიწყოთ დიალოგი ამ დარგის წარმომადგენლებთან, ძირითად მოთამაშეებთან. ასევე, ვაპირებ, რომ ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც დავიწყოთ აქტიური მუშაობა ამ საკითხის დარეგულირების მიზნით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წამლების ფასები გადაიხედება – პრემიერი
როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი კონკურენციის შესაძლებლობას და მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე მეტ ხელმისაწვდომობას.