დავით ბაქრაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებას კომპრომისული წინადადება შესთავაზა

თუ ექს-პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ოპოზიცია პირობას დებს, რომ იმ კლინიკის სიახლოვეს არანაირ აქციებსა თუ მანიფესტაციებს არ გამართავს.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თუ ხელისუფლება სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანს, ოპოზიცია ჰპირდება, რომ საავადმყოფოს სიახლოვეს არანაირ აქციებს არ გამართავს – საკითხის ასეთ კომპრომისულ გადაწყვეტილებას სთავაზობს ხელისუფლებას პარლამენტის დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 ციხიდან თბილისის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამოაზრეები დაჟინებით მოითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-40 დღეა შიმშილობს.
„ქართული ოცნება" ოპოზიციის ულტიმატუმს პასუხობს

„მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება და ინიციატივა: ხელისუფლებამ მოახდინოს მისი დაუყოვნებლივი გადაყვანა გლდანის ციხიდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ დაიგეგმება არანაირი ტიპის საპროტესტო აქტივობები და შეკრებები“, – განაცხადა ბაქრაძემ ტელეკომპანია Formula-ს ეთერში.

ბაქრაძის თქმით, ეს ინიციატივა მიხეილ სააკაშვილსაც გადაარჩენს და გარკვეულწილად პოლიტიკურ დაძაბულობასაც განმუხტავს.
რაც შეეხება მიზეზებს, რომელთა გამოც სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით და 40-დღიანი შიმშილობის ფონზე სააკაშვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით გაკეთდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო
თავის მხრივ, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი „გაიტაცეს“ და ციხის საავადმყოფოში უკანონოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ორშაბათს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ პარტია მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფაბრიკაციას უწოდებს.