თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციის მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ – ისინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
მისი თქმით, დღეიდან საქართველოში დიდი საპროტესტო მოძრაობა იწყება, რომელიც მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლებისა და „მოპარული არჩევნების“ დაბრუნების შემდეგ დასრულდება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ერთად კოალიციაში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს ადგილობრივი არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომელიც თითქმის ყველგან მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოიგეს.
სააკაშვილის პირადი ექიმი და ადვოკატები, ასევე მისი მხარდამჭერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანას და აცხადებდნენ, რომ დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ დამნაშავეებს, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბერს ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და მის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.