თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. პოლიციამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ შეკრებილებს მოუწოდა, შენობა ალყაში მოექციათ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და თანამოაზრეები, რომლებმაც აქცია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გამართეს, ორი საათის წინ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მანამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და მის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვენ. გარდა ამისა, მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ პატიმრები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ.