თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციის გამო დღეს 20:00 საათიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, გ. ჭანტურიას ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე.
გადაადგილება ასევე შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები კი ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით შეძლებენ გადაადგილებას.
მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა კი დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების საშუალებით.
მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე შეძლებენ და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით იმოძრავებენ.
აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსებიც განსხვავებული მარშრუტებით იმოძრავებენ.
დღეს თავისუფლების მოედანზე გაიმართება საპროტესტო აქცია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებს გააცნობენ.