თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსმა ძალოვნებმა რამდენიმე ათასი არალეგალი მიგრანტისგან შემდგარი კოლონა პოლონეთთან „მწვანე“ საზღვრისკენ გაუშვა და არა საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ, იუწყება РИА Новости პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„ჩვენი შეფასებით, პოლონეთის საზღვრისკენ რამდენიმე ათასი მიგრანტი მოემართება. ამავდროულად, ბოლო ცნობების თანახმად, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, ბელარუსის სამსახურები მათ კუზნიცაში მდებარე სასაზღვრო პუნქტისკენ კი არ უშვებენ, არამედ საზღვარზე ტყისა და მწვანე ტერიტორიებისკენ“, — განუცხადა სააგანტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მაჩეი ვონსიკის თქმით, ამ დროისათვის პოლონეთს ბელარუსთან საზღვარზე უკვე გადასროლილი ჰყავს ანტიტერორისტული ქვედანაყოფები. საზღვარზე ასევე იმყოფებიან სასაზღვრო ძალების დამატებითი ძალები და კიდევ 12 ათასი ჯარისკაცი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთთან და ბელარუსთან საზღვრისკენ უკვე გაგზავნა ჯარები ლიეტუვამაც. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის აგნე ბილოტაიტეს განცხადებით, მთავრობა იმსჯელებს აღნიშნულ რაიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე.
ბოლო დროს ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბელარუსთან საზღვარზე დაკავებული არალეგალი მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ისინი მინსკს მიგრაციული კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მეზობელი სახელმწიფოებიდან ლტოლვილებს ძალის გამოყენებით აძევებენ, მინსკს კი დასავლეთის სანქციების გამო „არც ფული აქვს და არც ძალა“, რომ მიგრანტების ნაკადები შეაჩეროს.