თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის განხორციელება დაიწყო, ნათქვამია მანდატურის სამსახურის განცხადებაში.
სასკოლო მედიაციის კონცეფცია და წესი მანდატურის სამსახურმა ევროპელ და ადგილობრივ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა. სასკოლო მედიაცია არის სრულიად ახლებური მიდგომა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და წარმატებული დასავლური პრაქტიკა.
„სასკოლო მედიაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, სასკოლო კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია. მედიაციის მიზანია ადრეული და ეფექტური ჩარევით კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა, პროაქტიული რეაგირება და პრევენცია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული მედიატორები – ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები გაუძღვებიან.
საპილოტო პროექტი განხორციელდება საქართველოს 29 საჯარო სკოლაში – აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და თბილისში.