თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წყვილთა შორის WTA-ს განახლებულ რეიტინგში ცხრა პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 69-ე ადგილზეა, რაც კარიერაში მისი საუკეთესო მაჩვენებელია.
არგენტინაში, ბუენოს-აირესში WTA-ს სერიის ტურნირის ფინალში გორგოძემ რუმინელ ირინა ბარასთან ერთად არგენტინულ/ბერძნული მარია კარლე (არგენტინა)/დესპინა პაპამიხაილის (საბერძნეთი) წყვილი სამ სეტში ანგარიშით 5:7, 7:5, 10:4 დაამარცხა. გორგოძე და ბარა ბუენოს-აირესის ტურნირზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილი.
აღსანიშნავია, რომ 29 წლის გორგოძე წყვილთა თანრიგში საქართველოში პირველ ადგილზეა, რადგან ოქსანა კალაშნიკოვამ განახლებულ რეიტინგში ერთბაშად 18 პოზიცია დაკარგა და 88-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ნიშანდობლივია, რომ გორგოძისთვის ეს ზედიზედ მეორე მოგებული ტიტულია. ერთი კვირის წინ იმავე ბარასთან ერთად ქართველმა ჩოგბურთელმა რუმინეთის კლუჟეს ტურნირი მოიგო. წყვილმა დაამარცხა ალექსანდრე კრუნიჩისა (სერბეთი) და ლესლი კერკჰოვეს (ნიდერლანდი) წყვილი სამ პარტიაში – 4:6, 6:1, 11:9.