პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

საკანონდებლო ორგანოში შესვლა შეიზღუდება ყველასთვის, გარდა მასმედიის წარმომადგენლებისა.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საღამოს თბილისის ცენტრში გაიმართება. საკანონდებლო ორგანო დაიკეტება ყველასთვის, მასმედიის წარმომადგენლების გარდა.
ოპოზიციის მიტინგი თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც მანამდე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, მხარდამჭერებს შემდგომ სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
„ქართული ოცნება" ოპოზიციის ულტიმატუმს პასუხობს
გასულ შაბათს ოპოზიციამ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24 საათი მისცა. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ხელისუფლებისადმი ულტიმატუმის წაყენება მიუღებელია.

„8 ნოემბერს, 18:00 საათიდან... რეგულაციების შესაბამისად, პარლამენტის შენობაში იმოქმედებს დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ამ ზომების მიზანია „შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“.
შეზღუდვა წესდება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ ბრძანების საფუძველზე.
ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ შიდაპოლიტიკური სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია. თბილისში და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და არ ცნობენ შედეგებს, სააკაშვილმა კი საპატიმროდან „პოსტსაარჩევნო რევოლუცია“ დააანონსა და მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ არეულობას არ დაუშვებს.