თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და რამდენიმე საათში შესაძლოა „კრიტიკულზე კრიტიკული“ გახდეს, განუცხადა ჟურნალისტებს მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
სააკაშვილმა უარი თქვა მედიკამენტებისა და დამხმარე დანამატების მიღებაზე, ასევე ანალიზების გაკეთებაზე.
ექიმის თქმით, გარკვეული მაჩვენებლები ყოველ საათში უარესდება და მდგომარეობა ამ მომენტისთვის კრიტიკულია. ყიფშიძემ ექიმთა კონსილიუმს მიმართა თხოვნით, სასწრაფოდ შეიკრიბონ და გადაწყვიტონ, რა უნდა გაკეთდეს.
სააკაშვილის კვების საკითხი ამ უქმეებზე მთავარ თემად იქცა. თავდაპირველად იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი იღებს ფაფებს და წვენებს, შემდგომში პენიტენციურმა სამსახურმა დააზუსტა, რომ მსჯავრდებულის მიერ მიღებული პიურე და წვენები საკვებ დანამატებს წარმოადგენს.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილს არ შეუწყვეტია შიმშილობა, საქართველოს სახალხო დამცველმაც განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც ის ექიმის კაბინეტში იღებს, შიმშილობის დროს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი და შიმშილობის შეწყვეტას არ ნიშნავს.
ამ განცხადებების ფონზე თავად ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექიმების მიერ დანიშნულ დანამატებს და ვიტამინებს აღარ მიიღებს.