სუსი: სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ორგანიზატორები ხელისუფლების დამხობას გეგმავენ

როგორც უწყებაში განაცხადეს, მაქსიმალური ესკალაციისთვის აქციების ორგანიზატორები ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის ვარიანტსაც განიხილავენ
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქციების ორგანიზატორებს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სურთ, განაცხადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს).
სუსის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, რუსთავსა და თბილისში 6 ნოემბერს დაწყებული პერმანენტული აქციების ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებებისა და რუსთავის მე-12 ციხისკენ მიმავალი გზების ბლოკირებას. კერძოდ, მათ სურთ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შენობების ბლოკირება, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით, აღნიშნავენ უწყებაში.
„სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც“, - განაცხადა ბრიფინგზე სუსის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძემ.
იღებს თუ არა სააკაშვილი ფაფებს: იუსტიციის მინისტრის განმარტება
სუსში აღნიშნეს, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. აღნიშნული კი იგეგმება ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, აღნიშნეს სუსში.
უწყება კანონის ფარგლებში მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისთვის, დამნაშავეები უმკაცრესად აგებენ პასუხს, აღნიშნეს სუსში.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად უკვე 37-ე დღე შიმშილობს.