თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტი ციხეში იღებს ფაფებს და ნატურალურ წვენებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
სააკაშვილი 37-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატების თქმით, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და ის ძალიან დასუსტებულია.
„შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს სულ რაღაც ორ დღეში შემოსახლებიდან, შეიძინა გარკვეული პროდუქტები; შემდგომში მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე. გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც“, – განაცხადა პარასკევს რატი ბრეგაძემ Rustavi2-ის ეთერში.
მისი თქმით, სააკაშვილი აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც ექიმებმა გამოუწერეს.
„რასაც ვამბობთ, ამას ამყარებს მტკიცებულებები. ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რაც შეეხება სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, მან ამასთან დაკავშირებით არაფერი იცის.
„არ მინახავს მე ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ექთნებს. ბევრი ხალხია, ყველგან კამერებია იქ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.