ძიუდო: ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ფინალში გავიდა

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა, თუმცა ორი მათგანი ასპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე 23 წლის ქართველი ძიუდოისტი ჯაბა პაპინაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
პაპინაშვილი, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს დაუპირისპირდება. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ ეტაპზე უკრაინელი კირილ სამოტუგი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელი ბალაბაი აგაიევი მტკივნეული ილეთით ჩამოიტოვა საჩემპიონო გზიდან. ნახევარფინალში პაპინაშვილს მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანთან მოუწია შეხვედრა, სადაც ვაზარის უპირატესობით მოიგო.
ძიუდო: ქართველმა ვეტერანებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე კიდევ ორი ძიუდოისტი გავიდა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა იაპონელ იუჯი აიდასთან დათმო და გრანდ სლემს გამოეთიშა. ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა ბაგრატ ნინიაშვილმა, რომელმაც საწყის ეტაპზე აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი დაამარცხა, თუმცა შემდეგ მოლდოველ დენის ვიერუსთან დამატებით დროში წააგო და რეპეშაჟში გადავიდა. მაგრამ ნინიაშვილმა რეპეშაჟის პირველივე ორთაბრძოლა ასევე დამატებით დროში ვაზარით დათმო რუს იაკუბ შამილოვთან.
ბაქოში ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
აზერბაიჯანში მიმდინარე გრანდ სლემში, რომელიც დღეს დაიწყო და 7 ნოემბერს დასრულდება, მონაწილეობას 29 ქვეყნის 196 ძიუდოისტი (129 ვაჟი + 67 ქალი) იღებს, საქართველოს ნაკრები ტურნირზე ათი ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.