თბილისი, 6 ნოემბერი − Sputnik. მოსკოვში მთვარეზე გაფრენისა და მასზე ეკიპაჟის გადასხმის საერთაშორისო ექსპერიმენტი SIRIUS-21 დაიწყო, იუწყება РИА Новости.
მთვარეზე პირობით მოგზაურობაში ექვსი ადამიანი მონაწილეობს: კოსმონავტების მომზადების ცენტრის ინსტრუქტორი ოლეგ ბლინოვი, ქირურგი ვიქტორია კირიჩენკო, ყოფილი სტიუარდესა, ახლა კი უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი ეკატერინა კარიაკინა, რუსული ენისა და ლიტარეტურის ამერიკელი ბაკალავრი უილიამ ბრაუნი, აშშ-ის კოსმოსური სისტემების სარდლობის წარმომადგენელი ეშლი კოვალსკი, კოსმონავტ-გამომცდელი ომარ ალ ამერი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
მათ 240 დღის განმავლობაში მოუწევთ ერთად ცხოვრება კოსმოსური ხომალდის იმიტატორში, რომელიც მოსკოვის სახმელეთო-საცდელ კომპლექსშია განთავსებული. „ეკიპაჟის“ ამოცანა − მთვარეზე გაფრენის, გადასხდომისა და მის ზედაპირზე მუშაობის მოდელირებაა.
ექსპერიმენტის მონაწილეების თქმით, თავისუფალ დროს ისინი წაიკითხავენ წიგნებს და ერთმანეთს თავ-თავიანთ მშობლიურ ენას ასწავლიან.
როგორც პროექტ SIRIUS-ის მენეჯერმა მარკ ბელაკოვსკიმ განმარტა, მონაწილეებს მიზეზების დასახელების გარეშე შეუძლიათ დატოვონ პროექტი, თუმცა მსგავსი პროექტების თითქმის 60-წლიან პრაქტიკაში ამგვარი რამ არ მომხდარა.
პროექტი SIRIUS (იშიფრება როგორც Scientific International Research In Unique Terrestrial Station) რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტისა და NASA-ს ერთობლივი პროექტია, რომელშიც ასევე ჩართული არიან ევროპის კოსმოსური სააგენტო, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური სააგენტოები, ასევე რუსი, ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი, ბელგიელი, იაპონელი, კანადელი და სხვა ქვეყნების სპეციალისტები.