ჭკუამახვილი და სხარტი გონების ადამიანებისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს – რაოდენ რთული პრობლემის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდნენ ისინი.
ამის დასტურად ცოტა ხნის წინ რამდენიმე ისტორიული ფაქტი გაგაცანით. გამომდინარე დიდი ინტერესიდან, „Sputnik საქართველოს“ ავტორმა კიდევ რამდენიმე საინტერესო ამბავი მოიძია თქვენთვის.
გამოჩენილი გერმანელი მსახიობი უნცელმანი ერთ როლში ვრცელ წერილს კითხულობდა. რაღა თქმა უნდა, ფურცელზე დაწერილს. ამიტომ ტექსტის ზეპირად დასწავლა არ სჭირდებოდა და არც დაუსწავლია.
ერთხელაც კოლეგამ, რომელსაც როლის თანახმად მისთვის წერილი უნდა გადაეცა, უნცელმანის გამასხარავება მოინდომა და დაუწერელი, სუფთა ფურცელი მიაწოდა.
უნცელმანმა თვალი შეავლო „წერილს“, მერე უკან დაუბრუნა ხუმარას და უთხრა, დღეს სათვალე შინ დამრჩა, შენ თვითონ წამიკითხეო.
***
მიქელანჯელოს ქანდაკება „დავითი“, რომელიც ფლორენციის შუაგულში უნდა დაედგათ, ქალაქის მმართველმა დიდი ცხვირის გამო დაიწუნა.
მიქელანჯელომ მის თვალწინ აიღო საჭრეთელი და ცხვირის „გაშალაშინებას“ შეუდგა. ქალაქის მმართველი ხედავდა, როგორ ცვიოდა ძირს ქანდაკებისგან მოკვეთილი ქვის ნამტვრევები.
მხატვარმა სამუშაო მალე დაასრულა და ფლორენციის მმართველს წარუდგინა „შესწორებული ვარიანტი“. მმართველს ის მოეწონა და ქალაქის ცენტრში ქანდაკების დადგმას დათანხმდა...
მაგრამ მთელი საქმე ისაა, რომ მიქალანჯელოს სინამდვილეში იოტისოდენზეც არ შეუცვლია „დავითის“ ცხვირი. ქალაქის მმართველის თვალის ასახვევად ის თურმე წინდაწინ მომარაგებულ ნამტვრევებს ყრიდა ძირს.
***
საფრანგეთის მეფე ლუი IX-ს ვარსკვლავთმრიცხველმა უწინასწარმეტყველა, რომ ქალი, რომელიც მას ძალიან უყვარდა, მალე გარდაიცვლებოდა. მეფის სატრფო მართლაც დაიღუპა ერთ კვირაში.
დამწუხრებულმა და გაბრაზებულმა ლუი IX-მ ვარსკვლავთმრიცხველი იხმო, ხოლო მოსამსახურეები წინასწარ გააფრთხილა, რომ ნიშნის მიცემისთანავე მოეკლათ იგი.
როცა ვარსკვლავთმრიცხველი სასახლეში გამოცხადდა, მეფემ ჰკითხა, სხვისი ბედ-იღბლის ცოდნას რომ ჩემულობ, შენ როდისღა გიწერია სიკვდილიო?
− მე, თქვენო უდიდებულესობავ, თქვენზე მხოლოდ სამი დღით ადრე დავლევ სულს, − უპასუხა გონებამახვილმა „წინასწარმეტყველმა“.
და მეფეც იმ დღიდან განსაკუთრებულ ზრუნვას იჩენდა მისდამი და გასაჭირში ჩავარდნილს ყოველთვის ეხმარებოდა.
***
ინგლისელი უილიამ ჰერშელი 15 წლის განმავლობაში მსახურობდა ბენგალიაში კოლონიალურ ჩინოვნიკად. მისი ერთ-ერთი მოვალეობა იყო ინდუსი ჯარისკაცებისთვის ჯამაგირის გაცემაც, რასაც ერთგვარი სირთულეები ახლდა.
საქმე ისაა, რომ ევროპელი ჩინოვნიკისთვის ბენგალელები გარეგნობით ერთმანეთის მსგავსები იყვნენ და თანაც სახელებიც ხშირად ერთნაირი ერქვათ. ამიტომ, ხელფასს რომ აიღებდნენ, ჯარისკაცები ხშირად ისევ მიდიოდნენ და აცხადებდნენ, ფული ჯერ არ მიგვიღიაო.
ბოლოს იმით შეწუხებულმა ჰერშელმა, რომ ადგილობრივების ეშმაკობა მატერიალურ ზარალს აყენებდა ბრიტანეთის სამეფოს, გამოსავალს მიაგნო: ჯარისკაცებს ჟურნალსა და ქვითრებზე მელანში ამოვლებულ თითის ანაბეჭდს ასმევინებდა, რითიც თაღლითობას ბოლო მოეღო.
სხვათა შორის, სწორედ ამ ანაბეჭდებიან ჟურნალზე დაკვირვებით აღმოაჩინა ჰერშელმა, რომ თითების ხაზები (პაპილარული ხაზები) ყველას სხვადასხვა ჰქონდა და სურათი წლების შემდეგაც არ იცვლებოდა. შესაბამისად დაასკვნა, რომ ეს იყო პიროვნების უნიკალური, უცვლელი ნიშანი, რომლითაც ყოველთვის შეიძლებოდა მისი ამოცნობა − სიკვდილის შემდეგაც კი.
1877 წლის 5 აგვისტოს ჰერშელმა წერილი გაუგზავნა ბენგალის ციხეების გენერალურ ინსპექტორს, რომლითაც პატიმრების რეგისტრაციისთვის პირის იდენტიფიკაციის ახალი მეთოდისა და მისი გამოყენების შესახებ ატყობინებდა. ათი დღის შემდეგ მან საპასუხო წერილი მიიღო, რომელიც, მართალია, მეგობრული ტონით იყო დაწერილი, მაგრამ ჩანდა, რომ გენერალურ ინსპექტორს, იცოდა რა მისი ცუდი ჯანმრთელობის შესახებ, ჰერშელის შეთავაზება ავადმყოფურ ფანტაზიად მიეღო.
ჰერშელი, რომელიც 1879 წლის ბოლოს ინგლისში დაბრუნდა და გამოსცა ნაშრომი „თითის ანაბეჭდების წარმოშობა“, მიიჩნევა კიდეც დაქტილოსკოპიის ერთ-ერთ ფუძემდებლად.
***
მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ დანიაში ნაცისტებმა გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმად, ადგილობრივ ებრაელებს დავითის ვარსკვლავიანი სამკლავური უნდა ეტარებინათ. ეს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეძლებოდათ ხალხის მასაში მათი ამოცნობა და დაპატიმრება.
ბრძანების დარღვევა ვერავინ გაბედა, მაგრამ ფაშისტებმა ფაქტობრივად მაინც ვერ შეძლეს იქაური ებრაელების ხელყოფა, რადგან მეორე დღეს უკლებლივ ყველა დანიელი, დანიის მეფის ჩათვლით, ქუჩაში ასეთი სამკლავურით გამოვიდა.
***
1140 წელს, ხანგრძლივი ალყის შემდეგ, რომის წმინდა იმპერიის მმართველის კონრად მესამის ჯარმა ქალაქი ვისბურგი აიღო. გამარჯვებულმა მეფემ სულგრძელობა გამოიჩინა და ქალაქში მცხოვრებ ქალებს თავისუფლება აჩუქა. მათ ნება ეძლეოდათ, თან წაეღოთ ყველაზე ძვირფასი, რის წაღებასაც ისინი შეძლებდნენ.
ამ კეთილშობილური ჟესტის გამო კონრად მესამემ დაკარგა ყველა ტყვე, რასაც ნამდვილად არ ელოდა. ვისბურგელმა ქალებმა საკუთარი შვილები, ქმრები, ძმები და მამები ზურგით გაიყვანეს ქალაქიდან.
***
ინგლისის მეფე ჰენრი VIII კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ დიდებულებს ძვირფასი სამკაულები ეტარებინათ, მაგრამ ამას ვერანარი აკრძალვით ვერ მიაღწია.
მაშინ მეფემ მხოლოდ ქურდებსა და მეძავებს დართო ნება, ეტარებინათ სამკაულები და სასურველი შედეგიც მიიღო.
***
XX საუკუნის 60-იან წლებში NASA-მ გადაწყვიტა სპეციალური კალმის გამოშვება, რომელიც ნულოვანი გრავიტაციის პირობებშიც იმუშავებდა. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ ასტრონავტებს დაკვირვებების ჩაწერა მოეხერხებინათ.
ორი წლის ინტენსიური კვლევების, ექსპერიმენტებისა და ცდების შემდეგ გამოუშვეს სულ 50 უნიკალური „ასტრონავტის კალამი“. ეს პროექტი ამერიკულ კოსმოსურ სააგენტოს რამდენიმე მილიონი დოლარი დაუჯდა.
ამის პარალელურად იგივე პრობლემა დადგა საბჭოთა კოსმონავტების წინაშეც. მაგრამ ეს პრობლემა საბჭოთა კავშირში ძალიან მარტივად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე გადაწყვიტეს − კოსმონავტებს უბრალოდ ფანქრები დაურიგეს...