საქართველო–შვედეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

სტადიონის ტერიტორიაზე ყველა პირი ვალდებულია იყოს პირბადით და დაიცვას სოციალური დისტანცია.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩზე, რომელსაც საქართველოს ნაკრები შვედეთის წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს, გულშემატკივრების საერთო რაოდენობის 33% დაიშვება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
შესაბამისად, კოვიდ-შეზღუდვების გამო, ბილეთების შეძენას მხოლოდ 6,6 ათასი გულშემატკივარი შეძლებს.
მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ: სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 72 საათში ჩატარებული უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 24 საათში ჩატარებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.
სტადიონის ტერიტორიაზე ყველა პირი ვალდებულია იყოს პირბადით და დაიცვას სოციალური დისტანცია.
ფეხბურთი: კიდევ ერთი დებიუტანტი – ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა
ბილეთების გაყიდვა, რომლის ფასიც იქნება 5, 15 ან 25 ლარი, ორშაბათს, 8 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება ვებ-გვერდზე TKT.ge.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში 4 ქულით ბოლოსწინა მე-4 ადგილზეა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით უსწრებს კოსოვოს ნაკრებს.
რაც შეეხება შვედეთის გუნდს, მან ექვს მატჩში 15 ქულა მოიპოვა და B ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.