თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში სრულად აცრილი 813.437 ადამიანიდან (1 ოქტომბრის მონაცემებით) Pfizer-ით აიცრა 425.493 პირი. სტატისტიკური მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გამოაქვეყნა.
ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში სულ ჩატარდა 1.802.566 აცრა, სრულად ვაქცინირებული იყო 813.437 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 28,7%.
Pfizer-ის შემდეგ პოპულარობით სარგებლობს ჩინური ვაქცინა Sinopharm, რომლითაც 253.253 ადამიანი აიცრა. შემდეგ კიდევ ერთი ჩინური ვაქცინაა – Sinovak, ამით აიცრა 79.100 პირი.
AstraZenecа-თი ვაქცინირებულია 58.591 ადამიანი.
NCDC-ს მონაცემებით, ყოველდღიურად 100 ათას მოსახლეზე ტარდება 85 აცრა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აცრების ყველაზე მეტი პროცენტი (სრული კურსი) თბილისზე მოდის – 52%.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 2021 წლის 15 მარტს დაიწყო, თუმცა მასობრივი აცრები 5 ივლისიდან მიმდინარეობს. ამ დროისათვის სულ ჩატარებულია 1.995.150 ვაქცინაცია, ბოლო დღე-ღამეში – 4.063.
როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ეს უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ მიზანს – წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს აცრილი.