პური არ გაძვირდება: როგორ აპირებს მთავრობა ფასის შეკავებას

ფასების შეკავების კონკრეტული მექანიზმი ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა განიხილება პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში უახლოეს პერიოდში პურზე ფასი არ გაიზრდება, განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.
კომპანია „სოკარ ჯორჯიამ“ 2021 წლის 1 დეკემბრიდან რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის შესახებ განაცხადა – ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 95 თეთრის ნაცვლად 1,15 ლარი იქნება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით.

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამთავრობო სტრუქტურებთან, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ჩვენ ვმსჯელობთ, თუ როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ პურზე ფასის მომატება“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ფასების შეკავების კონკრეტული მექანიზმი ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა განიხილება პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები, მათ შორის დღგ-ის გაუქმება ან შეღავათიანი ტარიფები.
რატომ ძვირდება პური
ბოლო დროს პურის თვითღირებულება 15-17 თეთრით გაიზარდა, იმატა ხარჯმა შესაფუთ მასალებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აუცილებელი გახდა. პურის ქარხნები შესაფუთს მეზობელ თურქეთში ყიდულობენ, რადგან საქართველოში მათ არ ამზადებენ.
ვის უძვირდება გაზი დეკემბრიდან – „სოკარ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს
გარდა ამისა, პურის ღირებულებაზე დიდი გავლენა 1 ივლისს პურის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის დასრულებამ იქონია, რასაც პურის ფასი ეკავა გასული წლის დეკემბრიდან.
როგორც „Sputnik–საქართველოს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა, ხორბალმა მსოფლიო ბაზრებზე გაძვირება ზაფხულიდან დაიწყო. ოთხ თვეში ერთი ტონა ხორბლის ფასი 240 დოლარიდან 320 დოლარამდე გაიზარდა.
წლის განმავლობაში საქართველო იყენებს 700-800 ათას ტონა ხორბალს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე ამ მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის, რადგან მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.