სააკაშვილის ციხეში ჩანაცვლების სურვილი უგულავას შემდეგ პაატა ბურჭულაძემაც გამოთქვა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 36 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. გთხოვთ კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში – დაწერა მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საკუთარ facebook-გვერდზე.
პაატა ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აცხადებს, რომ იმის მოთმენა, რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება, აღარ შეიძლება და ის უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში.
„ყველაფერს აქვს საზღვარი!!! ამის მოთმენა აღარ შეიძლება!!! მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. ქართულო ოცნებავ, ყველაფერში არღვევთ კანონებს. გთხოვთ კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება“, – დაწერა ბურჭულაძემ.
ცნობილი საოპერო ბანის განცხადებით, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დათანხმდება მის თხოვნას, ის დღესვე ჩამოფრინდება საქართველოში.
უგულავა: მიხეილ სააკაშვილს შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი
2 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩანაცვლების სურვილი ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავამაც გამოთქვა.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს.
ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად საუბრობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. ხელისუფლება სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზეა თანახმა.
მსოფლიოში აღიარებულმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ რამდენიმე წლის წინ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მან 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნა. როდესაც პარტია ვერ მოხვდა პარლამენტში, ბურჭულაძე პოლიტიკიდან წავიდა და უცხოეთში მომღერლის კარიერას დაუბრუნდა.