თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ორპარტიულმა მხარდაჭერამ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის საშუალება მისცა მთელ რიგ სფეროებში და ქვეყანა კიდევ უფრო მტკიცედ დაადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოება და გამოწვევები. აღინიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა, და რომ არჩევნების დასრულების შემდეგ აუცილებელია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირება.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის საიმედო და ერთგული პარტნიორია რეგიონში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ამ გზაზე გატარებული რეფორმები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების რეალიზაციის პროცესის დასაწყებად.
ამერიკულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ამავე დროს საქართველოსთვის არ წარუდგენიათ ოფიციალური სტანდარტული Membership Action Plan (MAP - წევრობისთვის მოქმედებების გეგმა). ის საქართველოსა და ალიანსს შორის აქტიური ორმხრივი თანამშრომლობით შეიცვალა.
საქართველოში 2009 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც ასევე ქვეყნის ნატოსთან შეერთების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. დოკუმენტი ითვალისწინებს რეფორმების რეალიზებას, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს მაქსიმალურ დაახლოებას ალიანსის სტანდარტებთან.