თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ აპირებს პარლამენტში განსახილველად გაიტანოს კანონპროექტი მარიხუანის სრული დეკრიმინალიზაციის შესახებ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ამ პარტიიდან იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
მარიხუანის მოწევა საქართველოში უკვე ლეგალიზებულია, ხოლო მისი შენახვა და გაყიდვა კანონის დარღვევაა. დანაშაულია ასევე კანაფის მოყვანა.
„ჩვენ ახლა შემოგვაქვს კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ეს იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე... კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანაფის გამო ციხეში არც ახლა და არც მომავალში არავინ იჯდება", – განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატის თქმით, ამჟამად საქართველოში კანაფის გამო პირობით სასჯელს 311 ადამიანი იხდის, ხოლო ციხეშია 84 პირი.
მარიხუანის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარტიის „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ამ გაზაფხულზე, როდესაც მისი წარმომადგენლები მსჯელობდნენ საკითხზე, გამოეყენებინათ სადეპუტატო მანდატები თუ ოფიციალურად დაეტოვებინათ პარლამენტი.
მარიხუანა საქართველოში
საქართველოში არ ისჯება მხოლოდ მარიხუანის მოწევა სახლში ზრდასრული პირის მიერ.
მისი მოწევა აკრძალულია მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ბავშვების თანდასწრებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. კანონის დარღვევა ისჯება 800-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმით.
მარიხუანის მოწევა აკრძალულია 21 წლამდე ადამიანებისთვის. ეს დანაშაული ასევე ისჯება ადმინისტრაციული წესით – 500-დან 1,5 ათასამდე ლარის ოდენობით ჯარიმით.
სამუშაო ადგილზე მარიხუანის მოწევა 1 ათასიდან 1,5 ათასამდე ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.