ზუგდიდის შემდეგ ქუთაისი: „ნაცმოძრაობა“ ქალაქებში აქციებს აგრძელებს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები მომდევნო აქციას თბილისში შაბათს გამართავენ, მათი განცხადებით, ის უვადო იქნება.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდამჭერები აქციაზე ქუთაისში შეკრიბა.
ქუთაისში არჩევნების პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობდა, მეორე ტურში კი ის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან დამარცხდა.
ქუთაისის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათ უჭირავთ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მანიშნებლები, ბანერები წარწერით „თავისუფლება მიშას“ და სააკაშვილის გრაფიკული პორტრეტები.
სააკაშვილის მომხრეებმა პირობა დადეს, რომ რუსთავის ციხესთან აქციებს ყოველდღე გამართავენ
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ლიდერების გამოსვლების მთავარი თემა იყო, მათ ტრიბუნიდან გააკეთეს განცხადებები, რომ სააკაშვილი უნდა გადარჩეს და რომ დაუშვებელია ციხის საავადმყოფოში მისი მოთავსება.

„უახლოეს დღეებში თუ ხელისუფლება ნაბიჯს არ გადადგამს, აქციები დიდ ქალაქებში გაგრძელდება. ბოლო გაჩერება იქნება დედაქალაქში. თბილისში მთელი საქართველო ჩავალთ და ისტორიულ უსამართლობას წინ აღვუდგებით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება არც მალავს, რომ სააკაშვილის სიკვდილი უნდა. სააკაშვილი რუსთავის ციხეში პროტესტის ნიშნად 35-ე დღეა შიმშილობს.
მელიას თქმით, ოპოზიცია გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამისთვის ყველა ხერხს გამოიყენებს, თბილისში კი აქცია უვადო იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების აქციები უკვე გაიმართა ბათუმსა და ზუგდიდში, სადაც ლიდერებმა ასევე ისაუბრეს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებისა და ხელისუფლებასთან ბრძოლის აუცილებლობაზე, რომელმაც „არჩევნები მოიპარა“.
აქცია ზუგდიდში: აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
დღეისათვის ცნობილია, რომ ოპოზიციის რეგიონული პროტესტი თბილისში დასრულდება, სადაც, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიცია მოთხოვნებს წამოაყენებს.