თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე აშენდა სათბური თანამედროვე ტექნოლოგიებით, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სათბური ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენდა. მის ბაზაზე გადამზადდებიან ახალგაზრდა ფერმერები და მათთვის სემინარ-ტრენინგები იქნება ორგანიზებული. ასევე სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.
„სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით, შემდეგი ეტაპი კი ცენტრის ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს“, – აღნიშნავენ უწყებაში.
ახალი სათბური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ხატია წილოსანმა გახსნეს.
„დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ სადემონსტრაციო ჰაბის შექმნაში, რაც მოგცემს შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგოთ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, ეს სადემონსტრაციო ჰაბი გახდეს რეგიონული და დარგის ექსპერტები და სტუდენტები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან მოვიდნენ აქ იმისთვის, რომ შეისწავლონ სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.
MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა. დღეისათვის MASHAV-ის პროფესიული სასწავლო კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა.
სტუმრებმა წილკნის ბაზაზე პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს. ლაბორატორიაში 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.