თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საქართველოსა და გერმანიას შორის სამთავრობო მოლაპარაკებები, სადაც მხარეები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების გეგმებს განიხილავენ, თბილისში ხუთშაბათს დაიწყო, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მხარეები განიხილავენ სამომავლო გეგმებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: პროფესიული განათლება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, ასევე მდგრადი ურბანული განვითარება.
სამთავრობო მოლაპარაკებებში გერმანიის მხრიდან მონაწილეობენ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.
მოლაპარაკებების ფარგლებში დაგეგმილია რიგი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერა. მოლაპარაკებები შაბათამდე გასტანს.
წინა სამთავრობო მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც 2019 წელს გაიმართა, გერმანიამ საქართველოს გამოუყო 188,5 მილიონი ევრო, საიდანაც 53 მილიონი ევრო არის გრანტი.
საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.