შემაშფოთებელი სტატისტიკა: 2021 წლის ცხრა თვეში ავტოავარიას 305 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლაა.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 305 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5,7 ათასი დაშავდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის სამ კვარტალში 4.335 ავარია მოხდა. შემთხვევების 46% თბილისზე მოდის.
საქართველოს დედაქალაქში მომხდარი ავარიების შედეგად დაიღუპა 41 და დაშავდა 2.379 ადამიანი.
რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
ქვეყნის ცალკეულ რეგიონში ვითარება ასეთია:
რეგიონი, ავარიების რაოდენობა, დაღუპულთა რაოდენობა, დაშავებულთა რაოდენობა
აჭარა – 359, 26, 374
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 241, 26, 26
იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 445, 63, 621
შიდა ქართლი – 277, 25, 492
ქვემო ქართლი – 339, 33, 392
კახეთი – 378, 41, 516
სამცხე-ჯავახეთი – 107, 12, 154
მცხეთა-მთიანეთი – 121, 28, 148
გურია – 90, 10, 147
ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზები და სახეობები
2021 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შემთხვევებია – 2.105 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 3.006 ადამიანი.
თელავში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა ქვეითზე შეჯახება – მიმდინარე წლის სამ კვარტალში 648 მსგავსი ფაქტი მოხდა, გარდაიცვალა 44 და დაშავდა 656 ადამიანი.
ავტოავარიების მიზეზებს შორის მესამე ადგილზეა შეჯახება დაბრკოლებაზე – მიმდინარე წლის ცხრა თვეში 208 მსგავსი შემთხვევის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, 280 კი კლინიკებში აღმოჩნდა.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 35 ავარია ველოსიპედისტის, 183 კი მოტოციკლეტისტის მონაწილეობით მოხდა – დაიღუპა 6 და დაშავდა 231 ადამიანი.
რაც შეეხება ავარიების მიზეზებს, ავარიების დიდი ნაწილი მოხდა გასწრების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბებისა და ქვეითთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის შედეგად.