თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი 26 კოოპერაციული საწარმოს მიერ წელს 3 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა სახელმწიფომ 2013 წლიდან დაიწყო. პროგრამები მოიცავს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას; მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიმართულებით გაცემული თანადაფინანსება 12,4 მლნ ლარს აჭარბებს”, – თქვა ილია თამარაშვილმა.
თამარაშვილი დღეს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლევან ლილუაშვილთან ერთად „მეღვინეობა ბახტრიონის“ კოოპერაციულ საწარმოში იმყოფებოდა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მეღვინეობა ბახტრიონის“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა.
„მეღვინეობა ბახტრიონი“ 20 მეპაიეს აერთიანებს. კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 21 ჰექტარი ვენახია. ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად ჯამში 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 500 ათასი ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. კოოპერაციული საწარმოში წელს პირველად 100 ტონა ყურძენი გადამუშავდა.
ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.