თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აივენგო რიკაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) ოქროს მედალი მოიპოვა.
აივენგო რიკაძემ, რომელიც 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალურ ეტაპზე შვეიცარიელი რამონ რაინერ ბეტშარტი დამაჯერებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავე ტურნირში გუშინ ჩაერთო და პირველ ეტაპზე ესტონელი რანეტ კალიოლა ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აივენგო რიკაძემ მეორე ეტაპზე ოტო ემელი ჩამოიცილა (9:0), ხოლო შემდეგ რუს შამილ ოჟაევს სძლია (5:3).
დღეს იასპარეზეს ფრიდონ აბულაძემ (60კგ) და ჯონი ხეცურიანმაც (67კგ). აბულაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უზბეკეთის წარმომადგენელი მუხამადკოდირ იუსიპოვთან გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ხეცურიანსაც, რომელიც რუს მეჰდი იახიაევთან ანგარიშით 1:5 დამარცხდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაელთა 23-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობა სამი მედლით დაასრულა. აივენგო რიკაძის მსგავსად გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლერი აბულაძე ავიდა (63 კგ.). 5-7 ნოემბერს საჭიდაოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ და საქართველოს სრული – 10-კაციანი გუნდი ეყოლება.