სააკაშვილის მხარდამჭერთა ნაწილი ციხესთან ღამეს გაათენებს

„ნაცმოძრაობა“ სხვა პარტიებთან კოალიციაში აპროტესტებს არჩევნების მეორე ტურის შედეგებს, გარდა ამისა ის მოითხოვს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას, რომელიც ერთ თვეზე მეტი ხანია ციხეშია.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. აქციის მონაწილეთა ნაწილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხესთან ღამის გათენებას აპირებს.
ამ დროისთვის ციხესთან რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება.
„ჩვენ აღარაფერი დაგვრჩენია პროტესტის გარდა, მხოლოდ ეს არის ჩვენს არსენალში და ამით უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება", - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კაპანაძემ.
არჩევნები 2021
ოპოზიცია ბათუმში მრავალათასიან მიტინგს მართავს
მანამდე „ნაცმოძრაობამ“ ამ კვირაში რამდენიმე აქცია დააანონსა. პირველი აქცია გაიმართა ბათუმში, ლიდერები ასევე გამართავენ აქციებს ქუთაისსა და ზუგდიდში და უკვე შაბათს გაიმართება მთავარი საპროტესტო აქცია - თბილისში, რუსთაველის გამზირზე.
პარალელურად დააანონსდა ყოველდღიური აქციები რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილი იმყოფება.
„ნაცმოძრაობა“ სხვა პარტიებთან კოალიციაში აპროტესტებს არჩევნების მეორე ტურის შედეგებს, გარდა ამისა ის მოითხოვს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას, რომელიც ერთ თვეზე მეტი ხანია ციხეშია.
რუსთავის ციხესთან აქციები ყოველდღიურად გაიმართება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი შიმშილობა 33-ე დღეა გრძელდება.