როგორ ემზადებიან ზამთრის სეზონისთვის მთის კურორტები

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია და ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ზამთრის სეზონზე მთის კურორტები დამსვენებლებს ახალი ინფრასტრუქტურით დახვდებიან, იუწყება მთის კურორტების განვითარების კომპანია.
კომპანიის ცნობით, სვანეთში, ზურულდის მთაზე შენდება ახალი საბაგირო კომპლექსი. მოხდა არსებული ამორტიზებული საბაგიროს დემონტაჟი, აქტიურად მიმდინარეობს საყრდენი სვეტებისა და საბაგიროს სადგურების მონტაჟი.
ზურულდის მთაზე 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე ექსპლუატაციაში შევა გონდოლის ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი. საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1.800 მგზავრი იქნება, მისი სიგრძეა 1.421 მეტრი.
ექვსი მეტრი წამში – სვანეთში ყველაზე სწრაფი საბაგირო იმუშავებს
„ეს გახლავთ 10-ადგილიანი გონდოლა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ბაკურიანს, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე დამონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები. ჯამში 1.406-მეტრიან სათხილამურო გზას 23 ფიქსირებული და სამი მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს. სამუშაოებს იტალიური კომპანია „ტექნო ალპინი“ განახორციელებს.
მეხის დაცემის შედეგად დაზიანებულ კოხტას საბაგიროს კი სრულად ჩაუტარდება რეკონსტრუქცია.
რაც შეეხება კურორტ გუდაურს, საბაგირო „გუდაურას“ (გონდოლის ტიპის საბაგირო) ძველი დაზიანებული ბაგირი ახლით შეეცვლება.
ჯამში კურორტებზე არის:
გუდაურში: 11 დიდი საბაგირო, ოთხი ბიგელი, სამი მოძრავი ხალიჩა;
ბაკურიანში: დიდველზე ექვსი საბაგირო, კოხტა – ერთი შუალედური სადგურით, მიტარბი – სამი საბაგირო;
სვანეთში: თეთნულდზე ხუთი საბაგირო, ჰაწვალზე – ორი საბაგირო (აქედან ერთ-ერთი მშენებარეა და წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში) სვანეთის ხუთ სოფელში – მაზერში, ეცერში, უშგულში, უშხვარანში, დაბა ლენტეხში – არის მცირე ზომის საბაგიროები;
გოდერძიზე: ორი დიდი საბაგირო და ერთი მოძრავი ხალიჩა.
გარდა ამისა., ოქტომბრის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ მთის კურორტებისთვის ახალი რეგულაციები შემუშავდა, რომლებიც კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს.
მთის კურორტებზე ზამთრის სეზონზე ახალი რეგულაციები დაწესდება
ახალი რეგულაციების თანახმად, დახურული საბაგირო გონდოლით, რომელშიც 10 ადამიანი ეტევა, მხოლოდ 8 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამავე დროს, უფრო ინტენსიურად მოხდება უშუალოდ საბაგიროსა და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, ასევე იმოქმედებს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეგულაცია. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას და მათ ახალი რეგულაციები არ შეეხება. ამის მიუხედავად, ორივე ტიპის საბაგიროებით მგზავრობის პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჩაუტარდება.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.