ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

რაც შეეხება პარლამენტის შესაძლო დატოვებას, სალომე სამადაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძის გარდა ფრაქციის სხვა წევრები სადეპუტატო მანდატის დატოვებას არ აპირებენ.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის სხდომების მუშაობაში, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას, განაცხადა ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.
ფრაქცია „ლელო“ მუშაობას პარლამენტში მამუკა ხაზარაძის გარეშე გააგრძელებს
სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებამ, ისევე, როგორც ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ ფრაქციის განაცხადი უნდა მიიღონ როგორც სერიოზული გაფრთხილება ქვეყანაში მოსალოდნელი კრიზისული ვითარების შესახებ.

„მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა. ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რასაც დღეს ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ავლენს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ფრაქციამ დღეს ოფიციალურად უკვე მიმართა პარლამენტს.
რაც შეეხება პარლამენტის შესაძლო დატოვებას, სამადაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძის გარდა ფრაქციის სხვა წევრები სადეპუტატო მანდატის დატოვებას არ აპირებენ.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, 31 ოქტომბერს პარტია „ლელოს“ ლიდერმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, პარლამენტში მუშაობამ მისთვის აზრი დაკარგა და მან ბრძოლის გაგრძელება ოპოზიციის ქუჩის აქციებთან შეერთების გზით გადაწყვიტა.
გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ოფიციალურად არ მიუმართავთ – რას აცხადებენ პარლამენტში
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 33-ე დღეა შიმშილობს, ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და უარი თქვან მანდატებზე.
გუშინ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ, ასევე პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით ჯერჯერობით არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არ მიუმართავს.
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მანდატი მიიღო. მაისში „ლელოს“ ბაზაზე შეიქმნა ფრაქცია, რომელშიც პარტიის წევრების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ანა ნაცვლიშვილისა და დავით უსუფაშვილის გარდა, შევიდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.