თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ამ დღეებში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) ოქროს მედალი მოიპოვა.
63 კგ-მდე წონით კატეგორიაში შეჯიბრების ფინალში აბულაძემ თურქი ახმეტ უიარი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
აბულაძისთვის ეს უკვე მესამე კვარცხლბეკია მიმდინარე სეზონში დიდ შეჯიბრებებზე. ოქტომბერში ქართველმა მოჭიდავემ მოზრდილთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, აპრილში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ბრინჯაოს მედლის მოპოვება ნიკოლოზ ჭიკაიძეს შეეძლო. მაგრამ 77 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი მოჭიდავე რუს სერგეი სტეპანოვთან ანგარიშით 0:10 დამარცხდა.
ხვალ, 3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება. 82 კგ-მდე კატეგორიის ფინალში აივენგო რიკაძე შვეიცარიელ რამონ ბეტშარტს დაუპირისპირდება.