თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ცნობილი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის საღამო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 20 და 21 ნოემბერს გაიმართება.
20 ნოემბერს მაყურებელი იხილავს ერთაქტიან ბალეტებს „კონჩერტო ბაროკო“ - კომპოზიტორი იოჰან სებასტიან ბახი, „აპოლონ მუსაგეტი“ - კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი და „სერენადა“ - კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი. 21 ნოემბერს ნაჩვენები იქნება პეტრე ჩაიკოვსკის „მოცარტიანა“ და „სერენადა“, იგორ სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“. დამდგმელი ბალეტმაისტერები არიან: ბარტ კუკი, მარია კალეგარი, ბენ ჰაისი. დაუკრავს თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი. საბალეტო დასის ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.
საღამოების გენერალური სპონსორია საქართველოში აშშ-ის საელჩო.
ჯორჯ ბალანჩინმა (გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე) საფუძველი ჩაუყარა ამერიკულ ბალეტსა და თანამედროვე ნეოკლასიკურ საბალეტო ხელოვნებას. დაიბადა სანქტ-პეტერბურგში 1904 წელს. ცხრა წლისა მოეწყო საიმპერატორო თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში. 1921 წელს იგი ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრის დასში (მარიინკა) მიიღეს.
1925-1929 წლებში ბალანჩინი იყო სერგეი დიაგილევის დასის ბალეტმაისტერი პარიზში. 1935 წელს ბალანჩინმა ნიუ-იორკში შექმნა დასი „ამერიკული ბალეტი“, სადაც 150-მდე ბალეტი დადგა.
ბალანჩინი ერთ-ერთი პირველი ქმნიდა ბალეტს მუსიკაზე, რომელიც ცეკვისთვის არ იყო დაწერილი – სონეტებზე, კონცერტებსა და სიმფონიებზე, სადაც სიუჟეტი არ არსებობდა.
თავად ბალეტმაისტერს მიაჩნდა, რომ ბალეტში სიუჟეტი მნიშვნელოვანი არ იყო, მთავარი ადგილი მუსიკასა და მოძრაობას ეჭირა: „საჭიროა ცეკვა სიუჟეტის გარეშე, დეკორაციებისა და კაშკაშა კოსტიუმების გარეშე. მოცეკვავის სხეული – მისი მთავარი ინსტრუმენტია, ის უნდა ჩანდეს. დეკორაციების ნაცვლად – სინათლის ცვლა... ანუ მოცეკვავე ყველაფერს გამოხატავს მხოლოდ მუსიკის დახმარებით“.