სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, დაკავებული აშშ-ის მოქალაქეა.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
აქცია მოაწყვეს საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა, რომლებიც სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვების გაშლა სცადეს, რაშიც პოლიციამ ხელი შეუშალა. შემთხვევის ადგილზე შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული ამერიკის მოქალაქე პაატა აბჟანდაძეა.
გადაჰყავთ თუ არა სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში: პენიტენციური სამსახურის განმარტება
მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.
ექს-პრეზიდენტის შიმშილობა უკვე 32-ე დღეა გრძელდება.